ჰაკან ფიდანი – თურქეთი აპირებს, ანკარაში სამიტის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის თბილი ურთიერთობები ნატო-ს შიგნით არსებული უთანხმოებების დასაძლევად გამოიყენოს
თურქეთი აპირებს, ანკარაში სამიტის დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თბილი ურთიერთობები ნატო-ს შიგნით არსებული უთანხმოებების დასაძლევად გამოიყენოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ერდოღანის ურთიერთობამ ტრამპთან შესაძლოა, ნატო-ს შიგნით არსებული დაძაბულობის შემსუბუქებას შეუწყოს ხელი.
„ბატონი ტრამპისთვის ეს უბრალოდ ნდობისა და მეგობრობის საკითხია“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თურქეთი აპირებს, „ეს მეგობრობა გამოიყენოს საერთო საქმისა და მთელი ნატო-ს ოჯახის საკეთილდღეოდ“.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მუქარამ ნატო-ში აშშ-ის როლის შემცირების ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან საერთოდ გასვლის შესახებ სხვა წევრები აიძულა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი ვარიანტები მოეძებნათ.
ამასთან, მედიის ცნობით, ტრამპმა ასევე დაადანაშაულა ნატო-ს მოკავშირეები არალოიალურობაში იმის გამო, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს აშშ-ისრაელის ერთობლივ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, რასაც ამ პარტნიორებიდან ბევრი ეწინააღმდეგებოდა. ნატო-ს ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის მისამართით პირდაპირი კრიტიკის მიუხედავად, ტრამპი ინარჩუნებს თბილ ურთიერთობებს ერდოღანთან და მას „მეგობარსა“ და „დიდ ლიდერს“ უწოდებს.