ჰაკან ფიდანი - შვედეთმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები ახლა პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ შვედეთს სჭირდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელება, რათა მიეღო ანკარის თანხმობა ნატო-ში გაწევრიანებაზე.
„შვედეთმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ მოხსნეს თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები თურქეთის წინააღმდეგ. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებები ახლა პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს. თუკი ტერორისტულ ორგანიზაციებს და მათთან დაკავშირებულ სტრუქტურებს შეეძლებათ, გააგრძელონ დემონსტრაციები შვედეთის ქუჩებში, თუ შეძლებენ პერსონალის დაქირავებას და ფინანსურ რესურსებზე წვდომას, მაშინ კანონმდებლობის ცვლილებას თურქეთისთვის აზრი არ ექნება“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე შვედეთმა ვერ დაარწმუნა თურქეთი, მოეხსნას ბლოკი ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ეს საკითხი თურქეთისა და შვედეთის ლიდერების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილება მომავალ კვირას.