ჰაკან ფიდანი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მჭიდროდ ვადევნებთ თვალს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით

20:12, 11.11.2025

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ადევნებს თვალს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.

ამის შესახებ ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ მჭიდროდ ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციას სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოვარდა აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისას. ღმერთს ვთხოვ შენდობას ჩვენი მოწამეებისთვის და გამძლეობას მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის. ნუგეში მიეცეს ჩვენს ერს“, – წერს ჰაკან ფიდანი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

მსგავსი