რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
ფიდანის თქმით, კონფლიქტი „გამოფიტვის ომად“ იქცა და ყველა მხარისთვის გაზრდილი ხარჯების წყაროა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომმა „შეჩერების ყველაზე ახლო წერტილს“ მიაღწია.
თურქულ სატელევიზიო არხთან, A Haber-თან ინტერვიუში ფიდანმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებსაც სურთ კონფლიქტის დასრულება.
„ვფიქრობ, ეს ომი ყველაზე რთულ მომენტშია, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული. ომი, ფაქტობრივად, დრონების ბრძოლად გადაიქცა“, – განაცხადა ფიდანმა.
ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი უნდა დასრულდეს.
„ეს გამოფიტვის ომად გადაიქცა. არცერთი მხარე რეალურად დიდ შედეგს არ იღებს, პირიქით, ორივემ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა“, – განაცხადა ფიდანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა პირდაპირ არ არის ჩართული ჯარებით, ჩართულია ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით და ეს „ხარჯები იზრდება“.
„ომი უნდა დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებები გარდაუვალია. ეს შეიძლება მოხდეს თურქეთში, შეიძლება მოხდეს სხვაგან, მაგრამ მჯერა, რომ მშვიდობა აუცილებლად დადგება“, – აღნიშნა ფიდანმა.