ჰაკან ფიდანი - კაცობრიობა დღეს თუ ვერ შეთანხმდება პასუხისმგებლობის და მომავლის სარგებლის ერთობლივ გაზიარებაზე, მაშინ ათ წელიწადში კონფლიქტები გაცილებით უმართავი და დამანგრეველი იქნება
ჰაკან ფიდანი - კაცობრიობა დღეს თუ ვერ შეთანხმდება პასუხისმგებლობის და მომავლის სარგებლის ერთობლივ გაზიარებაზე, მაშინ ათ წელიწადში კონფლიქტები გაცილებით უმართავი და დამანგრეველი იქნება

უწყვეტმა ესკალაციამ ჩვენი რეგიონი მისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კაცობრიობამ გაკვეთილი მიიღო, რომ ომს ახალი გამარჯვებულები არ ჰყავს.

„კაცობრიობამ კიდევ ერთი გაკვეთილი მიიღო, რომ ომს ახალი გამარჯვებულები არ ჰყავს. უდავოდ, ამ ომმა ყველასთვის, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებისთვის ისტორიული გაკვეთილები დატოვა. თუმცა ასეთ პერიოდებში პირველი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა. ჩვენი გულწრფელი იმედია, რომ ცეცხლის შეწყვეტა სრულად განხორციელდება და ეს პროცესი მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს. მინდა, მადლობა გადავუხადო პაკისტანის პრემიერ-მინისტრს და ყველა იმ სხვა ლიდერს, რომლებმაც ამ მიზნით ძალისხმევა გასწიეს. თუმცა, ეს გარემო არ უნდა გვაჩუმებდეს ერთ მკაფიო სინამდვილეზე: თუ კაცობრიობა დღეს ვერ შეთანხმდება პასუხისმგებლობის და მომავლის სარგებლის ერთობლივ გაზიარებაზე, მაშინ ათ წელიწადში კონფლიქტები გაცილებით უმართავი და დამანგრეველი იქნება, ვიდრე დღეს.

გლობალური რეფორმის საჭიროების მეორე მიზეზი კი ის სტრატეგიული ნაბიჯებია, რომლებიც ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად უნდა გადაიდგას, თუ სიტუაციას ფართო და სრულყოფილი პოლიტიკური თვალით შევხედავთ. დღეს ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებული და მრავალშრიანი კრიზისების წინაშე ვდგავართ. ჩვენს რეგიონზე ერთდროულად რამდენიმე კრიზისი ახდენს ზეწოლას. ჩრდილოეთით რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე მეხუთე წელია, გრძელდება, სერიოზულ სტრუქტურულ გამოწვევად იქცა და ღრმად არყევს როგორც ევროპის უსაფრთხოების სისტემას, ისე გლობალურ გეოპოლიტიკურ წონასწორობას. სამხრეთ-აღმოსავლეთით კი ისრაელის უპასუხისმგებლო აგრესია დიდი ხნის წინ გასცდა ღაზის ფარგლებს. ეს ესკალაცია სირიამდე, ლიბანამდე და ახლახან ირანამდეც გავრცელდა და მთელი ჩვენი რეგიონი კრიზისში ჩაითრია“, – განაცხადა ფიდანმა.