ჰაკან ფიდანი - ჩვენ თავიდანვე ვცდილობდით რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებას გლობალურად გავრცელების რისკის გამო, თურქეთს არ სურს ომი რეგიონში
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან იგივე რჩება, თურქეთს არ სურს ომი რეგიონში.
„არა მხოლოდ ორი ქვეყანა, არამედ ორი ქვეყნის უკან მდგომი სხვა ქვეყნებიც რეალურად იკავებენ მხარეს. ეს უფრო გლობალურ ომად იქცევა. ჩვენ თავიდანვე ვცდილობთ ამ ომის შეჩერებას სწორედ ამ მიზეზით. ეს არ იქნება ომი ორ ქვეყანას შორის, არამედ ომი, რომელსაც ექნება გლობალურად გავრცელების რისკი იმ ქვეყნების ომით, რომლებმაც ამ ორი ქვეყნის მიღმა დაიჭირეს მხარე“, – განაცხადა ფიდანმა.
ფიდანმა აღნიშნა, რომ 16 მაისის მოლაპარაკებებზე მიღწეული იყო შეთანხმება ტყვეების გაცვლაზე და განიხილეს, თუ რა შეიძლება, გაკეთებულიყო ლიდერების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით.
„მხარეები მომზადებული მოვიდნენ შეხვედრაზე და მოლაპარაკებები დადებით ატმოსფეროში ჩატარდა. ამასთან, ისევ მიიღეს გადაწყვეტილება ტყვეების გაცვლის შესახებ და ამჯერად რიცხვი შესაძლოა 1000-ზე მეტი იყოს. რუსეთმა და უკრაინამ წარადგინეს ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ დოკუმენტები და, ასევე, წარადგინეს თავიანთი მოსაზრებები ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით. მიღწეული იყო შეთანხმება, რომ მომდევნო პროცესში ისევ ერთად მოვიდნენ. ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება მომდევნო რაუნდიც, რადგან ორივე მხარე ხედავს, რომ ერთად მოსვლას სარგებელი მოაქვს. არსებულ პირობებს, ფსიქოლოგიურ გარემოს და ომის ფსიქოლოგიას თუ გავითვალისწინებთ, ეს იყო ნამდვილად საუკეთესო დონის შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მაგიდა არ დავტოვოთ და ამ მაგიდასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ სწრაფვა გავაგრძელოთ. ეს ჩვენი რჩევაა მხარეებისთვის. საქმე ის არ არის, უნდა იყოს თუ არა ეს მაგიდა თურქეთში, მაგრამ ისინი უნდა შეიკრიბონ მაგიდის გარშემო და განაგრძონ საუბარი“, – განაცხადა ფიდანმა.
ლიდერების შესაძლო შეხვედრის თურქეთში ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ფიდანმა თქვა, რომ, პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბედნიერი იქნება ასეთი შეხვედრის მასპინძლობით.
„გულწრფელად, არ არსებობს სხვა სახელი, რომელსაც სამივე ლიდერი ერთდროულად იცნობს, ენდობა და ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილის პოვნა შესაძლებელია, არ არსებობს სხვა ლიდერი, რომელმაც გლობალურად აჩვენა ასეთი პოზიცია, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც წლების განმავლობაში გამოცდილია რთული ბრძოლით და რომელსაც აქვს ისეთივე პატიოსნება, სანდოობა და პროფესიონალიზმი, როგორც მის მიერ მართულ ინსტიტუტებს“, – განაცხადა ფიდანმა.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიიჩნევს, რომ რუსეთი და უკრაინა რამდენიმე ასეთ შეხვედრას კიდევ თუ გამართავენ, ლიდერების შეხვედრა გარდაუვალი იქნება.
ფიდანმა, ასევე, აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.
ფიდანმა აღნიშნა, რომ რუბიოსთან განიხილა თურქეთის მოსაზრებები რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო ორი შეხვედრის შესახებ და ამერიკელმა კოლეგამ გაუზიარა თავისი მოსაზრებები. მისივე თქმით, მათი თანამშრომლობა ამ მიმართულებით გაგრძელდება.