ჰაჯი ვაგიფ აკპეროვი - სასამართლოში ვერ მივალთ, ვერ მოვითხოვთ, ბრალდებული დასაჯონ იმის გამო, რომ რაღაც შეურაცხყოფა მომაყენეს, ჩვენ სასულიერო პირები ვართ და მათ უნდა ვაპატიოთ
ჰაჯი ვაგიფ აკპეროვი - სასამართლოში ვერ მივალთ, ვერ მოვითხოვთ, ბრალდებული დასაჯონ იმის გამო, რომ რაღაც შეურაცხყოფა მომაყენეს, ჩვენ სასულიერო პირები ვართ და მათ უნდა ვაპატიოთ

ჩვენ სასამართლოში ვერ მივალთ, ადვოკატს ვერ დავიქირავებთ და ვერ მოვითხოვთ, ბრალდებული დასაჯონ იმის გამო, რომ რაღაც შეურაცხყოფა მომაყენეს, რადგან ჩვენ სასულიერო პირები ვართ და მათ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაპატიოთ, – ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა კონგრესის შეიხმა, ჰაჯი ვაგიფ აკპეროვმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს უკვე სახელმწიფოს და სასულიერო პირის კონფრონტაციაა. უფალი ყურანში ქადაგებს, რომ სასულიერო პირმა ადამიანს ნებისმიერ ქმედებაში უნდა აპატიო. ამ შემთხვევაში, თუ ვინმე ჩემს სარწმუნოებას, ან პირადად მე შეურაცხყოფას მომაყენებს, რომელიც კანონის მიხედვით ვთქვათ, დასჯადია, შესაძლოა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შევასრულო, მაგრამ უნდა დავუპირისპირდე იმას, რასაც მეჩეთში ვქადაგებ. ადამიანები ხომ იტყვიან, შენ, მუსულმანს შეურაცხყოფა რომ მოგაყენეს, საქმე სასამართლოში რატომ მიეცი, როცა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა თქვა, რომ უნდა აპატიოო?! ჩვენ მუსლიმები, ქმედებას, ლაპარაკს, ან რაღაც საქმიანობას, პირველ რიგში, დიდი ალაჰის, მპატიებლის სახელით ვიწყებთ“, – განაცხადა ჰაჯი ვაგიფ აკპეროვმა.

საქართველოს მუსლიმთა კონგრესის შეიხმა ასევე აღნიშნა, რომ ის მომხრეა, სახელმწიფომ სარწმუნოებასთან დაკავშირებით არანაირი კანონი არ მიიღოს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.  ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება