ჰაიტიზე არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა
ჰაიტიზე არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიზე არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გავიდა და პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის გადადგომა მოითხოვა. დემონსტრანტები ჰაიტის პრეზიდენტს თაღლითობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები, დაწვეს მანქანის საბურავები და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ორ შენობას ცეცხლი წაუკიდეს. მანიფესტანტების ჯგუფმა ასევე რამდენიმე სამთავრობო შენობის შტურმი სცადა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლებს მიმდინარე კვირაშიც გააგრძელებს.