ჰაიკე ფაიჩი - ველოდებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საინტერესო მოლაპარაკებებს
ჰაიკე ფაიჩი - ველოდებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საინტერესო მოლაპარაკებებს

ველოდებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საინტერესო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა განაცხადა. ელჩი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 2008 წლის შემდეგ პირველი ხანგრძლივი ოფიციალური ვიზიტით ეწვია და საქართველოდან ის ასევე გაემგზავრება სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ჩვენთვის ეს ვიზიტი ნიშნავს ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს, რომლებიც ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ბოლო 25 წლის, არამედ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საინტერესო მოლაპარაკებებს. დაგეგმილია ასევე შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ვფიქრობ, ვიზიტის დასასრულს მას ექნება კარგი სურათი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელჩმა.

ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილული იქნება ვიზიტის დროს.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კანცლერსა და მის კოლეგას შორის მოლაპარაკებების დროს. გერმანიის პოზიცია მკაფიოა – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ისევე, როგორც ალიანსის დანარჩენი წევრები“, – განაცხადა მან.

გერმანიის ელჩის თქმით, კანცლერის ვიზიტი ადმინისტრაციულ საზღვართან არის „საქართველოსადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნიშანი“.

საქართველოში ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.