ჰაბლის საიუბილეო ფოტო, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ
ჰაბლის საიუბილეო ფოტო, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ნასამ 1990 წლის 24 აპრილს გაუშვა. მას შემდეგ მან განახორციელა 1,4 მილიონზე მეტი დაკვირვება დაახლოებით 45 000 ციურ სხეულზე. 29-ე დაბადების დღისთვის კი ნასამ მხოლოდ ერთი მათგანი შეარჩია.

სამხრეთის კიბორჩხალსახის ნისლეული სამხრეთის ცის საცეცებიანი მონსტრია. მდებარეობს დედამიწიდან 7000 სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

ნისლეულს ქვიშის საათის ფორმას აძლევს ბებერი წითელი ვარსკვლავი და სიცოცხლის ბოლო ფაზაში მყოფი თეთრი ვარსკვლავი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ, რაც საბოლოოდ მათ სიკვდილს გამოიწვევს.

„ეს ვარსკვლავური დუეტი, წითელი გიგანტისა და თეთრი ჯუჯასგან შედგება. ისინი ერთმანეთთან იმდენად ახლოს არიან, რომ მათი ინდივიდუალურად დანახვა შეუძლებელია. ერთმანეთის გარშემო მოძრაობა წარმოქმნის გაზის ორ ვრცელ ნაკადს, რომლებიც კოსმოსში საჰაერო ბუშტივით ივრცობა“, — წერია ნასას განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრუქტურა ასაკით ათი ათას წელზე ნაკლებისაა, სავარაუდოდ, ის მალე გაქრება. წითელი გიგანტი ვარსკვლავი ამჟამად გაფართოების პროცესშია, კარგავს გარე ფენებს, საბოლოოდ კი კოლაფსირდება და ნისლეულის ადგილზე დარჩება მხოლოდ ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომლებიც გაანათებენ დარჩენილი გაზის ფენებს, იგივე პლანეტურ ნისლეულს.

ფოტოზე ასახული მდიდრული ფერები წარმოადგენს ნისლეულში არსებული წყალბადის, გოგირდის, აზოტისა და ჟანგბადის ანარეკლს.

ვარსკვლავებს შორის გადაჭიმულ გაზის ბრტყელ დისკოში ჩაჭედილი მტვრისა და აირის ეს ბუშტები მიმოფანტულია ვარსკვლავების ზემოთ და ქვემოთ, რაც წარმოქმნის ქვიშის საათის ფორმის ნისლეულს და გრძელ, კიბორჩხალას ფეხების მსგავს ნაკადებს.

ეს ციური ობიექტი ასტრონომებმა პირველად 1967 წელს აღრიცხეს. მაშინ ჩათვალეს, რომ ის ჩვეულებრივი ვარსკვლავი იყო.

1999 წელს მას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი დააკვირდა და საბოლოოდ გაირკვა, რომ სინამდვილეში ის ბობოქარ ვარსკვლავთა წყვილი იყო. ოცი წლის შემდეგ, ჰაბლმა თავის მახვილი თვალი იგივე წერტილისკენ მიმართა, მხოლოდ იმის გასახსენებლად, თუ რამდენი რამ ვისწავლეთ მას შემდეგ.