ჰაბლის ფოტოებზე ასტრონომებმა კოსმოსის უფრო შორეული რეგიონები გამოაჩინეს
ჰაბლის ფოტოებზე ასტრონომებმა კოსმოსის უფრო შორეული რეგიონები გამოაჩინეს

რამდენიმე წლის წინ, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა რაღაც საოცარი ჩაიდინა — დედამიწის გარშემო 841 ორბიტის დასრულებისა და ასობით კადრის შემდეგ, ღუმელის თანავარსკვლავედის მიმართულებით, კოსმოსის ციცქნა რეგიონს გადაუღო ფოტო, რომელიც თითქმის 13 მილიარდი წლის წინანდელ ამბებს ასახავს. ამ დროს დიდი აფეთქებიდან სულ რამდენიმე ასეული მილიონი წელი იყო გასული.

ფოტოს Hubble Ultra-Deep Field 2014 უწოდეს და წარმოადგენს ჰაბლის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ყველაზე საოცარ მოზაიკას. სურათში დაახლოებით 10 000 გალაქტიკა ჩანს, რას ასტრონომებს ადრეული სამყაროს კვლევის იდეალურ შანსს აძლევს.

ახლახან, ასტრონომთა ჯგუფმა ეს ფოტო კიდევ უფრო დახვეწა. სამი წლის განმავლობაში, კანარის კუნძულების ასტროფიზიკის ინსტიტუტის (IAC) მეცნიერებმა შექმნეს სურათის დამუშავების ახალი ტექნოლოგია, რომელმაც ჰაბლის ფოტოზე აქამდე უხილავი სინათლე გამოაჩინა.

ამ კომპლექსურ ტექნოლოგიას ასტრონომებმა ABYSS-ი უწოდეს. მისი საშუალებით, მათ აღადგინეს ფოტოში მოხვედრილი ყველაზე შორეული, უდიდესი გალაქტიკების მკრთალი სინათლე.

ასტროფიზიკოს ალეხანდრო ბოლრაფის განცხადებით, მათ გააუმჯობესეს კომბინაციის პროცესი და ორიგინალი საარქივო ფოტოების საშუალებით მიიღეს საუკეთესო ხარისხის სურათი, რომელზეც მოჩანს არა მხოლოდ უშორესი, პატარა გალაქტიკები, არამედ უდიდეს გალაქტიკათა გაფართოებული რეგიონებიც.

როგორც შედეგებმა აჩვენა, სულ მცირე რამდენიმე ეს გალაქტიკა იმაზე დიდია, ვიდრე გვეგონა და მათი დიამეტრი წინა შეფასებებს ორჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რო, ჯგუფის მიზანი ABYSS-ის ტექნოლოგიის მუშაობის ჩვენება იყო და არა კონკრეტულად ეს აღმოჩენები. ისინი გეგმავენ, რომ ტექნოლოგია უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახადონ ხელმისაწვდომი.

მომზადებულია iac.es-ის მიხედვით.