ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს საქართველოსთვის დახმარების პროგრამის დამტკიცებაზე.
როგორ ფონდში აცხადებენ, დახმარების ახალი პროგრამის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიზნობრივი ფონდი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დაზარალებულ თემებთან შემდგომი კონსულტაციების შემდგომ გაასაჯაროებს.
გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მამა კოიტე დუმბიამ განაცხადა, რომ დაზარალებული პირები ჯერ კიდევ იმკიან 2008 წლის კონფლიქტის დროს მიყენებული ზიანის შედეგებს.
„ძალზედ მოხარული ვართ, გაცნობოთ ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე, დავიწყოთ ორი დახმარების პროგრამა საქართველოში. დაზარალებული პირები ჯერ კიდევ იმკიან 2008 წლის კონფლიქტის დროს მიყენებული ზიანის შედეგებს. იმის გამო, რომ მოხდა მათი საკუთრების განადგურება, ან დაკარგვა, დაზარალებულებს სახიფათო პირობებში უხდებათ ცხოვრება. ისინი განდევნილები არიან საკუთარი სახლებიდან და შესაძლებლობათა სიმწირეს განიცდიან. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებლობას მოგვცემს, აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემების ნაწილი და გადარჩენილ პირებს დავეხმაროთ, იმედიანად და ღირსეულად გააგრძელონ და აღიდგინონ ცხოვრება” , – განაცხადა მამა კოიტე დუმბიამ.
დაზარალებულთა მიზნობრივი ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2019/2020 წლებში ჩატარებული ზიანის შემსწავლელი და დაზარალებულებზე ორიენტირებული საფუძვლიანი შეფასების დასკვნები და რეკომენდაციები.
შეფასება მოიცავდა ფართო კონსულტაციებს დაზარალებულებთან, დაზარალებულ თემებთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან. სიტუაციის შეფასების მიზანს წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, იმკიან თუ არა კვლავ დაზარალებული პირები სასამართლოს მიერ გამოსაძიებელი 2008 წლის კონფლიქტის დროს მიყენებული ზიანის შედეგებს, და ხდება თუ არა მთავრობის, საქველმოქმედო ორგანიზაციების ან სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მათთვის რეპარაციების ან დახმარების პროგრამების ხელშეწყობა. აღნიშნულ შეფასებაზე დაყრდნობით, დაზარალებულთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭომ დაასკვნა, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა მიზნობრივი ფონდის სარეაბილიტაციო მომსახურება.
მიზნობრივი ფონდის ამჟამინდელი ორგანიზაციული შესაძლებლობების და რესურსების განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, ფონდის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, აღნიშნული დაზარალებული პირებისთვის დახმარების პროექტების სერია წამოეწყო. აღნიშნული პროექტები მოიცავს სამედიცინო დახმარებას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას (მათ შორის, ტრავმასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს), და აგრეთვე მატერიალურ, მათ შორის, საარსებო საშუალებებით დახმარებას
როგორც მიზნობრივი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ დე ბაანმა განაცხადა, მიზნობრივი ფონდისთვის ეს ისტორიული მომენტია, რადგანაც ამჟამად ის იწყებს პირველ პროგრამას აფრიკის კონტინენტის მიღმა.
„სამწუხაროდ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის, მათ შორის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად მცხოვრები თემებისთვის, ეს პროგრამა უაღრესად საჭიროა. ვცდილობთ რა, გადავლახოთ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული დაბრკოლებები, მიზნობრივი ფონდის საორგანიზაციო შესაძლებელობებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, ფონდი კვლავ განამტკიცებს და იძენს ახალ პარტნიორებს, რათა რეპარაციული სამართალი ხელშესახებ რეალობად აქციოს დაზარალებულთათვის”, – განაცხდა პიტერ დე ბაანმა.
მიზნობრივი ფონდი განაგრძობს თანხების მოზიდვას და რესურსების მობილიზებას, აგრეთვე იცავს დაზარალებულების ინტერესებს დონორებთან და მხარდაჭერებთან იმისათვის, რომ დაზარალებულებმა საქართველოში მიიღონ ის დახმარება, რომელიც მათ ესაჭიროებათ.
„დაზარალებულთა მიზნობრივ ფონდთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე, [email protected], ან ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს – www.trustfundforvictims.org“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.