ჰააგაში დღეს უკრაინისა და რუსეთის სასამართლო დავა განახლდება
ჰააგაში დღეს უკრაინისა და რუსეთის სასამართლო დავა განახლდება

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში დღეს უკრაინისა და რუსეთის სასამართლო დავა განახლდება. სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. მოსამართლეები დღეს რუსეთის არგუმენტებს მოისმენენ.

საქმე ეხება კიევის სარჩელს, რომელშიც უკრაინის მთავრობა რუსეთის ფედერაციას ორი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს. ერთი ტერორიზმის დაფინანსებას, ხოლო მეორე ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას ეხება.

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთი არ უშლიდა ხელს დონბასში დისლოცირებული მებრძოლებისთვის იარაღისა და ფინანსური დახმარების მიწოდებას. კიევში აცხადებენ, რომ მოსკოვმა უმოქმედობით ხელი შეუწყო პრორუსი სეპარატისტების მიერ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ამის დამადასტურებელ ერთ-ერთ ფაქტად კიევს მოჰყავს 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაც.

რაც შეეხება მეორე კონვენციის დარღვევას, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების დისკრიმინაციას ახდენდა.

საჯარო მოსმენა ჰააგაში დღეს დაიწყება და პარასკევამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე მოსამართლეები რუსული მხარის პრეტენზიებს მოისმენენ. ხვალ, 4 ივნისს მოსამართლეების წინაშე უკრაინა წარდგება.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელენა ზერკალი ამბობს, არსებითი განხილვის დროს სასამართლო დეტალურად შეისწავლის მტკიცებულებებს, ექსპერტების შეფასებებს, გაეცნობა მოწმეთა ჩვენებებს. ეს დოკუმენტები უკრაინის სარჩელს ერთვის და 17 000-გვერდიანია. ის კიევმა სასამართლოში ერთი წლის წინ შეიტანა.