გზების მშენებელ კომპანია „ტოდინისთან“ დავა არბიტრაჟის გარდა ყაზახეთის სასამართლოში იგეგმება
გზების მშენებელ კომპანია „ტოდინისთან“ დავა არბიტრაჟის გარდა ყაზახეთის სასამართლოში იგეგმება

გზების მშენებელ კომპანია „ტოდინისთან“ დავა საერთაშორისო არბიტრაჟის გარდა ყაზახეთის სასამართლოში იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მესამე ლოტის მშენებლობაზე. კომპანია „ტოდინის“ 138 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი უნდა განეხორციელებინა. ავანსად კომპანიამ 30 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, თუმცა, „ტოდინიმ“ ვალდებულება არ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყდა.

„ხელშეკრულების შეწყვეტასთან ერთად, სასამართლო პროცესი უკვე მომზადების პროცესშია და სარჩელის შეტანა უმოკლეს ვადაში, რამდენიმე კვირაში მოხდება ყაზახეთში, რადგან გარანტიის გამცემი ბანკი რეგულირდება ყაზახური კანონმდებლობით. საუბარია საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების დაბრუნებაზე – საავანსო გადახდასა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე. პარალელურად, მომზადებულია დოკუმენტი საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით – ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

ყაზახეთიდან საავანსო თანხის დაბრუნება გარანტიის გამცემი „ასტანა ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის გამო გაჭიანურდა.

„სალიკვიდაციო კომისია იქნა დანიშნული აღნიშნულ ბანკთან მიმართებაში. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა სალიკვიდაციო კომისიიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღება. რაც გახდა მიზეზი სასამართლო დავის წამოწყების საჭიროების. გვაქვს ყველა მტკიცებულება და გარემოება, რომ აღნიშნული თანხის დაბრუნება მოვითხოვოთ“, – აცხადებს ქარსელაძე.

რაც შეეხება ავტობანის 12-კილომეტრიან მონაკვეთს, მას უკვე ახალი კომპანია ააშენებს. გზების დეპარტამენტმა ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად დოკუმენტაცია უკვე მოამზადა.