გზების ხარისხის ინდექსში საქართველო 82-ე ადგილზეა
გზების ხარისხის ინდექსში საქართველო 82-ე ადგილზეა

„მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ მსოფლიოში გზების ხარისხის მიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია 2017-2018 წლებში 137 ქვეყნის გზების ინფრასტრუქტურის ხარისხი.

საქართველოში გზების მდგომარეობა შვიდბალიანი შეფასებით 3,8 ქულით შეფასდა და ქვეყანა ამ მაჩვენებლით ქვეყანა 82-ე ადგილზეა. იგივე ქულები ერგო სამხრეთ აფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკას და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ჰონდურასს.

შვეიცარიული ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე პრობლემური ფაქტორებია ჩამოთვლილი. მათ შორის არის უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის არაადეკვატურად გამოყენება, მწირი სამუშაო ეთიკა, ინფლაცია და პოლიტიკური არასტაბილურობა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში გზების ინფრასტრუქტურა საშუალოზე დაბლა დგას.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში გზების ინფრასტრუქტურით პირველ ადგილზე 6,4 ქულით არაბთა გაერთიანებული საამიროები გავიდა. შემდეგი, მეორე ადგილი კი სინგაპურმა და შვეიცარიამ 6,3-ქულიანი შეფასებით გადაინაწილეს.

რაც შეეხება ბოლო ადგილებს, გზების ინფრასტრუქტურის ყველაზე რთული მდგომარეობა მავრიტანიაშია. აფრიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქვეყანამ მხოლოდ 2 ქულის მოგროვება მოახერხა.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთი 3,7 ქულით 85-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 4,8 ქულით 36-ეზე, თურქეთი 5,0 ქულით 30-ე პოზიციაზე, რუსეთი 2,9 ქულით 114-ეა.