გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქ ავტომობილებზე შეზღუდვა შესაძლოა, დღესვე მოიხსნას
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქ ავტომობილებზე შეზღუდვა შესაძლოა, დღესვე მოიხსნას

სპეციალისტების თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე შეზღუდვა დღესვე მოიხსნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გზის გარკვეული ნაწილის გაწმენდა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს 93-ე – 106-ე კილომეტრამდე გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალისტები დაათვალიერებენ იმ მონაკვეთებს, სადაც არის ზვავსაშიშროება. ამის შემდეგ გავაგრძელებთ სამუშაოებს და შევეცდებით, რომ ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილი იყოს. სპეციალისტების თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე შეზღუდვა დღესვე მოიხსნას“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ინფორმაცია გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც, სადაც აცხადებენ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება უკვე შესაძლებელია.