გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა 
გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დღეს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ, ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი ტენდერები სარეაბილიტაციო, საგზაო უსაფრთხოების, მოვლა შენახვისა და სტიქიის პრევენციის მიმართულებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში 52 ტენდერს გამოაცხადებს, ჯამური ღირებულებით 485 მილიონი ლარი. მათ შორის საპილოტე პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რომელიც განხორციელდა კახეთის რეგიონში და წელს გურიაში დაიწყება და სხვა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს პირველად საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისათვის დამოუკიდებელი ბიუჯეტია გამოყოფილი, საქართველოს მასშტაბით საგზაო ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებისთვის 9 მილიონი ლარი დაიხარჯება.