გზების დეპარტამენტმა ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის განსახლების გეგმის მოსამზადებლად კომპანიის შერჩევა დაიწყო
გზების დეპარტამენტმა ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის განსახლების გეგმის მოსამზადებლად კომპანიის შერჩევა დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის განსახლების გეგმის მოსამზადებლად კომპანიის შერჩევა დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ახორციელებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო კომპანია „სმექი“, პროექტის სამუშაო ვარიანტს 2 ოქტომბერს წარმოადგენს, რის შემდეგაც ტენდერი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.

„პორტთან დამაკავშირებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭიროა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლის შესადგენად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიის შერჩევა დაიწყო.

ინტერესის გამოხატვის ეტაპზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში, შემუშავებული უნდა ჰქონდეს მიწის შესყიდვისა და განსახლების მინიმუმ 2 სამოქმედო გეგმა (კერძო მესაკუთრეების/მოსარგებლეების არანაკლებ 400 მიწის ნაკვეთზე).

დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected], არაუგვიანეს 2019 წლის 16 სექტემბრისა.

გამოცდილებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე მოხდება კვალიფიცირებული კომპანიების სიის ჩამოყალიბება, რომელთაც მიეწოდებათ დეტალური ტექნიკური დავალება და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.