გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ჭუბერის ცენტრალური გზა გაწმენდილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა გზა ხელახლა არ დაიტბოროს.

„ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები დროებითი ხიდების განსათავსებლად. ადგილზე მობილიზებულია 10-ამდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დეპარტამენტის სპეციალისტები სტიქიისა და ნაპირდაცვის მიმართულებით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ  სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მისი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებს.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.

დატოვე კომენტარი