გზების დეპარტამენტი - ზუგდიდისა და ანაკლიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
გზების დეპარტამენტი - ზუგდიდისა და ანაკლიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ15-კმ25) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვადაზე ადრე დასრულდება.

უწყების ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი, არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება და ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 10 188 800 ლარია. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ნიუ როუდ“ (New Road) ასრულებს.