ვალერიან გვილიამ ვარშავის „ლეგიას“ შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად მოგება ვერ მოახერხა.
33-ე ტურში, ვარშაველებმა საკუთარ სტადიონზე მეორეადგილოსანს, გლივიცეს „პიასტს“ უმასპინძლეს. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონზე მაყურებელს შესვლის უფლება დართო, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები მაინც შენარჩუნებული იყო.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გვილია 45-ე წუთზე „პიასტის“ კარის აღებას შორეული დარტყმით შეეცადა, მაგრამ მიზანს ააცილა. 78-ე წუთზე ქართველი ლეგიონერის შეტევას მცველი გადაეღობა და ვითარება განმუხტა. 90-ე წუთზე გვილიამ კიდევ ერთხელ სცადა ბედი, ბურთი მცველს მოხვდა, მეკარემ დიდი გაჭირვებით მოიგერია და გუნდს ქულა შეუნარჩუნა.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა, „ლეგიამ“ 33 ტურის შემდეგ 65 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „პიასტს“ 11 ქულით უსწრებს.