გვილიას გუნდმა მოიგო, კაჭარავა მოედანს აპრილში დაუბრუნდება [ვიდეო] #1TVSPORT
11:02, 14.03.2021
ვაკო გვილიამ და ვარშავის „ლეგიამ“ პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგი შეხვედრა გამართეს და დაძაბული მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
პოლონეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ლეგიამ“ „სტადიონ მაევსკიზე“ პოზნანის „ვარტას“ უმასპინძლა და მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, 3:2 გაიმარჯვა. ვაკო გვილია ვარშაველთა სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 55-ე წუთზე გამოჩნდა.
პლოცკის „ვისლამ“ შინ მხოლოდ ქულა მოიპოვა „რაკუვთან“ – 2:2. გიორგი მერებაშვილი განაცხადშიც არ ყოფილა. არადა, მეორე წრისთვის სეზონისთვის ემზადებოდა.
ნიკა კაჭარავა პოზნანის „ლეხს“ ჯერ კიდევ ვერ ეხმარება – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შემოდგომაზე ევროპის ლიგის მატჩში ლისაბონის „ბენფიკასთან“ მძიმედ დაშავდა და ჯერ კიდევ მკურნალობს. გამოცემა kkslech-ის ცნობით, 26 წლის თავდამსხმელი რეაბილიტაციას ასრულებს და მოედანს, სავარაუდოდ, აპრილში დაუბრუნდება.
კაჭარავას თანაგუნდელი და „ჯვაროსნების“ კიდევ ერთი წევრი, ნიკა კვეკვესკირი კი ემზადება „პიასტთან“ მატჩისთვის, რომელიც 14 მარტს გაიმართება.