კაჭარავა საქართველოს ნაკრებს მარტში ვერ დაეხმარება - ოპერაციის გამო ნიკა სამი თვე დაისვენებს
კაჭარავა საქართველოს ნაკრებს მარტში ვერ დაეხმარება - ოპერაციის გამო ნიკა სამი თვე დაისვენებს

პოლონური გამოცემის, meczyki.pl-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და პოზნანისლეხის“ თავდამსხმელის, ნიკა კაჭარავას ტრავმა არც ისე იოლი მოსარჩენი აღმოჩნდა, როგორც თავიდან ეგონათ.

„ნიკა კაჭარავას ტერფის ტრავმის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა ქართველს ხანგრძლივი შესვენება მოუწევს. „ლეხის“ თავდამსხმელი ევროპის ლიგაზე „ბენფიკასთან“ გასვლითი მატჩის დროს დაშავდა. თავიდან ჩანდა, რომ ოპერაცია საჭირო არ იყო. ექიმებმა იწინასწარმეტყველეს, რომ კაჭარავას მოედანზე დაბრუნება ექვსკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ შეეძლო. მაგრამ ასე არ მომხდარა“, – წერს გამოცემა.

meczyki.pl-მა გამოაქვეყნა „ლეხის“ სამედიცინო სტაფის წარმომადგენლის, პროფესორ კშიშტოფ პავლაჩიკის კომენტარი, რომელმაც საქართველოს ნაკრებისთვის სამწუხარო ამბავი გააჟღერა.

„ქართველ თავდამსხმელს ხელს უშლიდა ჰემატომა, რომლის მოშორება ოპერაციის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ, იანვრის დასაწყისში გადავწყვიტეთ ოპერაცია, რომელიც დღეს დილით ჩავატარეთ. ნიკას პაუზა დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდება“, – განმარტა პროფესორმა კშიშტოფ პავლაჩიკმა.

ეს ნიშნავს, რომ ქართველი თავდამსხმელი პოლონეთის ექსტრაკლასაში თამაშს მხოლოდ სეზონის ბოლოს შეძლებს, ხოლო საქართველოს ნაკრებს მარტის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

კაჭარავა „ლეხში“ სეზონის დაწყებამდე ფამაგუსტას „ანართოსისიდან“ იჯარით გადავიდა. ქართველმა ყველა ტურნირზე გუნდის ფორმით თექვსმეტი მატჩი ჩაატარა. ის მოედანზე ძირითადად მატჩების ბოლოს შედიოდა. მან გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამასობაში „ლეხმა“ ვარჯიში ხუთშაბათს განაახლა. კვირას პოზნანის გუნდი თურქეთში ორკვირიანი შეკრების მოსაწყობად გაფრინდება.