ვარშავის „ლეგიამ“ პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) საჩემპიონო ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა და 2:0 მოიგო, რაშიც მთავარი როლი ვაკო გვილიამ შეასრულა.
ექსტრაკლასას 31-ე ტურში პოლონური არმიის გუნდმა საშინაო არენაზე მეოთხეადგილოსანი ვროცლავის „შლასკი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა გაიტანა, რომელიც „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ვაკო გვილიამ ანგარიში 35 წუთზე გახსნა, როდესაც მცველის მიერ მოგერიებულ ბურთს კარის წინ დახვდა და ზუსტად დაარტყა. ხოლო 54-ე წუთზე თანაგუნდელების ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვაკო გვილია შესანიშნავ ფორმაშია – სეზონის განახლების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პოლონეთის ექსტრაკლასაში ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგიანობა აჩვენა – მან უკვე ოთხი გოლი გაიტანა.