პოლონეთში ქართველების გუნდების დაპირისპირება ზავით დასრულდა #1TVSPORT
პოლონეთში ქართველების გუნდების დაპირისპირება ზავით დასრულდა #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირის „ლეხმა“ პოლონეთის ჩემპიონატში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 0:0.

ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა – კვეკვესკირმა მოედანზე 60 წუთი გაატარა, ხოლო კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

30 ტურის შემდეგ პოზნანის „ლეხი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, „იაგელონიას“ 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო „კრაკოვია“ (33) მე-14 პოზიციაზეა და აუტსაიდერთა ზონას მხოლოდ სამი ქულით ასწრებს.

სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანი“, რომელმაც ჩემპიონობა უკვე მოიპოვა, „დუნაისკა სტრედას“ ესტუმრა და 5:3 დამარცხდა.

ბრატისლაველების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავა დაასვენა, ხოლო გურამ კაშია მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა, როდესაც „სლოვანი“ უკვე 3:0-ს აგებდა.