ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ვერსიით მოხვდა. ქართველ ფეხბურთელს ექსტრაკლასაში ვარშაველთა კონკურენტთან გოლი და კარგი თამაში დაუფასდა.
ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატში ვარშავის „ლეგიას“ სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. პოლონური არმიის გუნდმა კონკურენტს, მეორეადგილოსან კრაკოვის „კრაკოვიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
გვილია ვარშაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან 43-ე წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა, ვარშაველებმა კი 2:1 მოიგეს, 24 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვეს და „კრაკოვია“ უკვე 6 ქულით ჩამოიტოვეს.
საქართველოს ნაკრებისა და „ლეგიას“ 25 წლის ნახევარმცველი ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ გუნდში ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა და პოლონურმა ტელეარხმა CANAL+SPORT-მა დაასახელეს. ამ უკანასკნელმა კი ქართველი ფეხბურთელი 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარა.