გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა
გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა

გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა. კიდევ 200 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ცნობას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გვატემალაში ვულკანი პირველად 3 ივნისს ამოიფრქვა. სტიქიური უბედურების დროს განგაშის სიგნალი არ ჩართულა, ამიტომ ახლომდებარე სოფლები თითქმის მთლიანად ლავით დაიფარა.

სტიქიის ზონიდან სამი ათასი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. ვულკანს თან ერთვოდა ძლიერი, გადაუღებელი წვიმა, რის გამოც რამდენიმე მდინარე ადიდდა და გარკვეული დასახლებების დატბორვა გამოიწვია.

ასეთი მდგომარეობა სამაშველო და სამძებრო სამუშაოების ჩატარებას უფრო ართულებდა. საერთო ჯამში, ვულკანმა ოთხ რეგიონში 1,7 მილიონი ადამიანი დააზარალა. გვატემალაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.