საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ სექტემბერს ისტორიულ ევრობასკეტზე იასპარეზებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი მასშტაბური ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება.
FIBA-ს ოფიციალურმა გვერდმა, ქართველ კალათბურთელს, „ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრს, გოგა ბითაძეს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც 22 წლის მოთამაშემ მომავალი ევრობასკეტისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ ისაუბრა.
„გოგა ბითაძეს სჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს 2022 წლის ევრობასკეტზე ხმაურის გამოწვევა შეუძლია, რადგან მისი ქვეყანა, ისტორიაში პირველად, ამ ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია.
თბილისი ამ მასშტაბური შეჯიბრების ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ოთხ ქალაქს შორისაა და ბითაძე მოუთმენლად ელის იმ შესაძლებლობას, რომ თავისი ნიჭი წარმოაჩინოს.
„ეს ჩვენი ქვეყნისათვის დიდებული მოვლენაა. არასდროს ვყოფილვართ ევრობასკეტის მასპინძლები, შესაბამისად ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნება, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე ქართველი ხალხისათვის.
გუნდში ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თანამემამულეები გავახაროთ. გვაქვს პოტენციალი და ნიჭი, რომ ზოგიერთი ძლიერი გუნდი დავამარცხოთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მოუთმენლად ველი როდის ვითამაშებ. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება.“
ბითაძემ NBA-ში „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში მე-3 სეზონი დაასრულა და შეუძლია ბოლომდე სანაკრებო მატჩებზე გადაერთოს. დიდ ტურნირზე საშინაო კედლებში თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს და 22 წლის კალათბურთელი იმედოვნებს, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა დიდ უპირატესობა იქნება.
„ჩვენი მიზანია, პირველი ეტაპი იდეალურად ჩავატაროთ. უნდა გამოვიყენოთ X ფაქტორი და ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, რაც შეიძლება, მეტი მატჩი მოვიგოთ. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.
ჩვენი საქმე ტურნირზე შესანიშნავად თამაშია. პირველ რიგში, უნდა გავიდეთ ჯგუფიდან და პლეი ოფში უკვე ყველას დამარცხება შეიძლება. თუ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, გულშემატკივრებთან ერთად ყველა გუნდის დამარცხება შეგვეძლება.“
საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე დებიუტი 2011 წელს ჰქონდა და ზედიზედ მეხუთედ მიიღებს ევრობასკეტზე მონაწილეობას. საუკეთესო შედეგი მე-11 ადგილია, რომელიც 11 წლის წინ დაიკავა. ქართველებს შედეგი აქვთ გასაუმჯობესებელი და რომელიმე ტურნირზე ორ მატჩზე მეტი უნდა მოიგონ.
ეს, შესაძლებელია, სექტემბერში შეიცვალოს, რადგან საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გასვლას გეგმავს, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება, რადგან A ჯგუფში ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებები ჰყავს.
„რთული ჯგუფია. ყველა ნაკრები კონკურენტუნარიანია. ტურნირზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ვფიქრობ, ამ ზაფხულს NBA-ის ბევრი მოთამაშე წამოვა ნაკრებში სათამაშოდ და ამ ყველაფრის ხილვა საინტერესო იქნება.
ეს როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მეტოქეებისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება. ბევრი თამაშის მოსაგებად და ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასასვლელად დიდ ენერგიას დავხარჯავთ.
ვფიქრობ, რომ უკეთესია ჯგუფურ ეტაპზევე კარგ გუნდებთან თამაში, რომ შემდეგ ეტაპებზე მომზადებულები ვიყოთ.“
ბითაძემ ბოლო ევრობასკეტი 2017 წელს ტრავმის გამო გამოტოვა. 213 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელის ჩართვა კი ამ ნაკრებში უფრო გააძლიერებს გუნდის წინა ხაზს.
„სიმაღლეს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. მძლავრი წინა ხაზი გვყავს. სანდრო მამუკელაშვილს, გიორგი შერმადინს, თორნიკე შენგელიასა და მე დიდი სამუშაოს გაწევა შეგვიძლია. ჩვენ ვიცავთ ფარს, ვხსნით ბურთებს და ვისვრით.
თითოეულ ჩვენგანს სროლა შეუძლია, ასევე ჩვენი გამთამაშებლებიც ისვრიან და ისეთ ახალგაზრდა მოთამაშეს, როგორიც რატი ანდრონიკაშვილია სროლასთან ერთად დაცვაში თამაშიც შეუძლია, შესაბამისად ჩვენ მდიდარი არსენალი გვაქვს.
დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს – ბევრ ნიჭიერ მოთამაშესთან ერთად, გამოცდილი კალათბურთელებიც არიან, მაგალითად თოკო და გიორგი. მსგავსი ვეტერანების ყოლა ეროვნული გუნდისათვის დიდი ბონუსი და უპირატესობაა.“
A dark horse this summer? 🤔💡
Can Goga Bitadze and @_GeoBasketball 🇬🇪 go and surprise Europe? #EuroBasket x #FIBAWC
— #EuroBasket 2022 (@EuroBasket) June 14, 2022
ევრობასკეტის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანია განაგრძოს წარმატებული სვლა და დააფიქსიროს ისტორიული შედეგი – მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. ეროვნულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ბითაძეს იმედი აქვს, რომ თავის როლს ითამაშებს ამ სანაკრებო ფანჯრის დროს, რომელიც 30 ივნისს გაიხსნება.
„ყოველთვის ვეცდები ჩემი ნაკრების დახმარებას, როცა შესაძლებლობა მექნება. ვოცნებობ, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტ ტურნირზე მივიღო მონაწილეობა – ევრობასკეტზე, მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე. შესაბამისად, ვეცდები, რომ ეროვნულ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.
შემდეგ ეტაპზე გასვლისა და აგვისტოში ორივე მატჩის კარგად ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ევრობასკეტისთვის შესანიშნავი ტემპი გვექნება აღებული.“