გვაქვს გეგმა, მთიანი აჭარა ვაქციოთ ოთხსეზონიან ტურისტულ ობიექტად, - მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა
გვაქვს გეგმა, მთიანი აჭარა ვაქციოთ ოთხსეზონიან ტურისტულ ობიექტად, - მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა

აჭარის მაღალმთიანეთი უნდა გადაიქცეს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მარგალიტად, აქ უნდა იყოს ოთხსეზონიანი კურორტი, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, სახალხო დღესასწაულ შუამთობაზე გააკეთა.

შუამთობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრი რეგიონული განვითარების საკითხებში მრჩეველთან სოზარ სუბართან ერთად ჩავიდა. მამუკა ბახტაძემ მოიალაღეებს შუამთობის დღესასწაული მიულოცა და მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღევანდელი დღე არის ზეიმი ერთიანობის, ზეიმი მთისა და ბარის ერთიანობის. ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამ სტრატეგიაში მთიან აჭარას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ გვაქვს გეგმა, მთიანი აჭარა ვაქციოთ ოთხსეზონიან ტურისტულ ობიექტად. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ამ რეგიონში. მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, განსაკუთრებით მივულოცო ახალდაქორწინებულებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

შუამთობის დღესასწაულს მაღალმთიანი აჭარა კურორტ ბეშუმზე აღნიშნავს. დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი