გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით კოჯრის სერჟანტთა აკადემიის ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით კოჯრის სერჟანტთა აკადემიის ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, აკადემიის ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს. თანამდებობა სულ ხუთმა სამხედრო პირმა დატოვა.

„პირველ აგვისტოს გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან  – ამავე აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ. , აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ. , საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ. , ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ.“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების სარდლობის ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვით უზრუნველყოფას არ ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული.  შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

რაც შეეხება ინციდენტს, თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  სიტყვიერი შელაპარაკება სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში 1 აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოსაწევ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა. ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა: საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; დადგინდა და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები;  საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულია ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი; გამოიკითხა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა,  რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

დატოვე კომენტარი