გურჯაანში ტექნოპარკი გაიხსნა
გურჯაანში ტექნოპარკი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გურჯაანში რიგით მეექვსე ტექნოპარკი გახსნა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკის გახსნაში მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

„ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს ინოვაციური განათლებისა და სტარტაპების საკითხს. ჩვენ ახლახანს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განსაკუთრებული შეღავათები დაგვეწესებინა აიტი კომპანიებისთვის ხუთპროცენტიანი მოგებისა და ხუთპროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი. მართლაც უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა და ამან სულ რადენიმე დღეში გამოიღო შედეგები. გლობალური და მსხვილი აიტი კომპანიები გადმოდიან საქართველოში და ხსნიან აქ ფილიალებს, ხოლო ჩვენ ამ ტექნოპარკების მეშვეობით მოვუმზადებთ მათ ადგილობრივ კადრებს, ნიჭიერ ადამიანებს, ვისშიც ისინი ჩადებენ კაპიტალს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.