გურჯაანში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები უბნებზე არჩევნების ჩაშლას ცდილობენ
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გურჯაანის შტაბში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გურჯაანში პროვოკაციების მოწყობით ცდილობს, უბნებზე არჩევნები ჩაშალოს და საარჩევნო უბნები დაიხუროს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საარჩევნო პროცესების მასობრივ დარღვევებზე საუბრობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, სოფლების ჭანდარისა და ვეჯინის საარჩევნო უბნებიდან პარტიის დამკვირვებლები უსაფუძვლო მიზეზებით გამოაძევეს.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში დარღვევები ფიქსირდება. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლები ვეჯინისა და ჭანდარის საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს ვითომდა ხელის შეშლის გამო. მიდის ამომრჩეველთა დატერორება, კარებში დგანან სიებით, ამომრჩევლებს უმოწმებენ პირადობის მოწმობებს“,- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გურჯაანის საარჩევნო შტაბში პასუხობენ.
„ჩვეულ სტილში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მომართული არიან პროვოკაციისკენ და ეს ყველაფერი უბნების ჩაშლასა და დახურვას ემსახურება. სწორედ ამას მოჰყვა მათი პარტიის წარმომადგენლების გაძევება უბნებიდან, ვგულისხმობ ვეჯინსა და ჭანდარს“, – განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა, კოტე ბერიძიშვილმა.