გურჯაანში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გურჯაანში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გურჯაანში, სავარაუდოდ ერთ-ერთი კაზინოს დაცვის წევრებმა სცემეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, რომელთაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, დაცვის თანამშრომლები.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამოღებული იქნება ვიდეოკამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.