გურჯაანში მეხუთე სართულიდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
გურჯაანში მეხუთე სართულიდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანში მეხუთე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

დაშავებული ჯერ გურჯაანის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით კი, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა რთველიაშვილი აცხადებს, მცირეწლოვანს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

„არის ქალა ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ელენთა და თირკმელი. ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი რომ სტაბილურია მისი მდომარეობა. ჯერ საით აიღებს მიმართულებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძნელი საპროგნოზოა. იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს”,- განაცხადა ნიკა რთველიაშვილმა.

შემთხვევა 18 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.