გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართა
გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში „ხილის ფესტივალი – 2019“ გაიმართა.

ფესტივალზე ხილის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოყვანილი ყურძენი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, ვაშლი და სხვადასხვა კენკროვანი ხილი.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ხილის ფესტივალი მეხილეობის დარგის პოპულარიზაციას, ხილის მწარმოებლების პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობასა და სტიმულირებას ისახავს მიზნად.

„წელს ხილის რეალიზაციაში იყო მცირე შეფერხება, თუმცა ეს მალევე გამოსწორდა. ატმის და ვაშლატამას რეალიზება უპრობლემოდ მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ცხრა სამაცივრე მეურნეობაა, რამაც ხილის ექსპორტი და შესაბამისად, მისი ფასიც გაზარდა“, – განაცხადაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ფესტივალი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გურჯაანში წელს მეორედ გაიმართა.