გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი შენდება
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი შენდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი გაეცნენ.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, კახეთის რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები.

„პროექტის დასრულების შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ თანამედროვე, ძალიან კარგი დროებითი საცხოვრებელი“, – აცხადებენ სამინისტროში.