გურჯაანსა და სოფელ ვეჯინში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, სოფელს გაზი არ მიეწოდება
გურჯაანსა და სოფელ ვეჯინში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, სოფელს გაზი არ მიეწოდება

ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში სეტყვა და ძლიერი ქარი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ქარის შედეგად ვეჯინ-ბაკურციხის ავტომაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეფერხდა.

„ქარმა საავტომობილო გზაზე წააქცია ხე, რომელიც ბუნებრივი გაზის სისტემის მილებს დაეცა და სოფელ ვეჯინს ამ მომენტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა გზის გაწმენდა უკვე დაასრულეს და მოძრაობა აღდგა.  გაზმომარაგების კომპანია კი, ხვალ დილიდან იმუშავებს მიწოდების აღსადგენად“, – განაცხადა ხანდამაშვილმა.

მისივე თქმით, დასეტყვილია ძირითადად დასახლებული პუნქტი. მოსახლეობას ვენახები და სახნავ-სათესი ფართობები ალაზნის ველზე აქვს.

,,ღამით რთულია გარკვევა, დაისეტყვა თუ არა ალაზნის ველზე არსებული ფართობები. ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ დილიდან გვექნება“, –  აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.