გურჯაანის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი შენობა და რეანიმობილი გადაეცა
გურჯაანის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი შენობა და რეანიმობილი გადაეცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, გურჯაანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ცენტრს კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის ასევე გადაეცა სრულად აღჭურვილი რეანიმობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შენობის გახსნისა და რეანიმობილის გადაცემის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მერი – არჩილ ხანდამაშვილი ესწრებოდნენ.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ამ დრომდე, გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე 24 ახალი ადმინისტრაციული შენობაა გახსნილი და ამჟამად კიდევ 29 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი