გურჯაანის სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები შეიკრიბნენ
გურჯაანის სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები შეიკრიბნენ

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები შეიკრიბნენ. ისინი დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენასა და აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ლიდერები დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუკი მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პატიმრობას შეუფარდებს, ქუჩის საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ.

ლიდერები კირკიტაძეს გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ.

დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენის ვადა 17:00 საათზე იწურება. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.