გურჯაანის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
გურჯაანის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გურჯაანის მეორე, მესამე და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებისთვის საწარმოო პროცესის შეჩერების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის სამივე დაწესებულებაში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

სურსათის სააგენტოს მიერ 5 მაისს გამოვლენილი დარღვევების გამო, სამივე მათგანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

როგორც პირველ არხს გურჯაანის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა განუცხადა, სურსათის სააგენტოს მიერ შემოწმების აქტი არ ჩაბარებია.

„შემოწმების აქტი მე არ მიმიღია. შესაბამისად, იურიდიულად არც გვევალებოდა ბაღების დახურვა, მაგრამ გავითვალისწინეთ მოთხოვნები და შაბათ-კვირას სამზარეულოში რემონტი ჩავატარეთ. გამონაკლისია სოფელ ბაკურციხის ბაღის სამზარეულო. იქ დღეისთვის ვერ მოხერხდა რემონტის დასრულება, მაგრამ სამზარეულო დროებით სხვა ოთახში მოვაწყეთ და ეს ბაღიც არაა დაკეტილი“, – განაცხადა თევდორაშვილმა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გურჯაანის ბაღების გაერთიანებას შემოწმების აქტი ფოსტით გადაეგზავნა და ჩაბარების შეფერხებას დასვენების დღეებით ხსნიან.