გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი - მრევლს შევთავაზეთ, დარჩნენ სახლში, თუმცა ვისაც სურს, არ ეკრძალება ეკლესიაში მოსვლა
გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი - მრევლს შევთავაზეთ, დარჩნენ სახლში, თუმცა ვისაც სურს, არ ეკრძალება ეკლესიაში მოსვლა

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია და ღვთისმსახურება შესაძლოა, მრევლის გარეშე ჩატარდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე  ექვთიმემ განუცხადა.

როგორც მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა,  ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის მრევლს სთავაზობს, დარჩნენ სახლში, თუმცა მისივე თქმით, ეკლესიაში მისვლა არავის ეკრძალება.

„ეს გადაწყვეტილება დღევანდელი მდგომარეობიდან და მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ და შევთავაზეთ, რომ დარჩნენ სახლში, თუმცა ვისაც სურს, არავის არ ეკრძალება ეკლესიაში მოსვლა. ეკლესიებში ყოველი მღვდელი ადგილზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ არის მითითება ასეთი, რომ ყველა დარჩეს სახლში“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მეუფე მრევლს აღდგომის ღამეს ტაძარში ღამისთევაზე წასვლაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ერთი კოვზით ზიარებისას, ადამიანი არ დასნეულდება, რადგან ღვთის მადლი ფარავს ყოველ ადამიანს, ღვთაებრივ ჭურჭელთან შეხებისას, მაგრამ არავინ არის დაცული ერთმანეთის მიმართ რომ არ იყოს ინფექცია გადადებული“, – განმარტავს მეუფე.

მისივე თქმით, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სადღესასწაულო წირვაზე მისულ მრევლს აქვს არჩევანის უფლება და მათ ეკლესიის კარს არავინ დაუკეტავს, თუმცა ეკლესიებში სოციალური დისტანციის დაცვას მკაცრად გააკონტროლებენ.