გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღწერა გრძელდება
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღწერა გრძელდება

გურიაში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღწერა გრძელდება, ადგილზე გეოლოგები მუშაობენ. გრძელდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის ინფორმაცით, ბოლო მონაცემებით, შემოწმებულია 504 სახლი, აქედან 278 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. ამ დრომდე რჩება ადგილები, სადაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 1000 ოჯახს გაეწია უკვე ჰუმანიტარული დახმარება, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა ლოკაციაზე. სამწუხაროდ, წერტილოვნად მაინც გვაქვს შეზღუდვები და რჩება ორი ლოკაცია ლანჩხუთში, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ჯერჯერობით ვერ ხორციელდება, რამდენიმე ოჯახი გზის გარეშეა დარჩენილი, თუმცა სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად, აქაც აუცილებლად მოხდება გზების გაწმენდა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. უსაფრთხო ადგილას უკვე გადაყვანილია 500 ოჯახი. სამწუხაროდ, არსებობენ კიდევ ისეთი ოჯახები, რომლებიც უარს აცხადებენ საცხოვრებელი ადგილების დატოვებაზე. მათთანაც მიმდინარეობს აქტიურად მოლაპარაკებები. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, წყალი და პირველადი საჭიროების ნივთები. ელექტროენერგიასა და გაზმომარაგებას რაც შეეხება, თითქმის ყველგან რეგიონის მასშტაბით აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება დარჩენილია მხოლოდ სოფელი კოკათი, 40 ოჯახი. გაზი 569 აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გეოლოგები ინტენსიურად მუშაობენ, ყველა ოჯახში ცდილობენ შესვლას, ეს მოცულობითი სამუშაოა და დღევანდელი მონაცემებით, შემოწმებულია 504 საცხოვრებელი სახლი, საიდანაც 278 სახლთან დაკავშირებით გაცემულია რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება“, – განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.