გურიაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 33 გურიაში გამოვლინდა. რეგიონის სამ სოფელში კვლავაც პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს.

შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც.

აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს, გურიის რამდენიმე სოფელში კვლავ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

მოსახლეობის თერმოსკრინინგი და მასიური ტესტირება გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„სამწუხაროდ, გარდაიცვალა 28 წლის ქალბატონი, რომელიც იყო „აჭარატექსტილის“ თანამშრომელი. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევა უკავშირდება სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებით მიმართვის ფაქტს.

რაც შეეხება ზოგად ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ის არის საყურადღებო და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები“, – განაცხადა ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა.