გურიაში 11 სექტემბერს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი თბილისში დააკავეს
გურიაში 11 სექტემბერს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი თბილისში დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ.გ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 11 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 1999 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2022 წლის 13 სექტემბერს ვ.გ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.