გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგული სამი მოზარდი შემოვლითი გზით ლაგოდეხის სოფელ ხიზაში დაბრუნდა
გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგული სამი მოზარდი შემოვლითი გზით ლაგოდეხის სოფელ ხიზაში დაბრუნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდერში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგული სამი მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

„16, 18 და 19 წლის მოზარდები შემოვლითი გზით ლაგოდეხის სოფელ ხიზაში, მაშველების დახმარების გარეშე დაბრუნდნენ.

ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ყველა ტურისტულ მარშრუტზე აწარმოებდნენ.

მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ნაკრძალის ტერიტორიაზე ექვსი მოზარდის ჩარჩენის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. შეტყობინების ინიციატორმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩანჩქერთან სამი მოზარდი იმყოფებოდა.