გურამ ნიკოლაშვილი - ქვეყნის გარეთ რაციონალურად ხვდებიან, რომ საქართველოში პროტესტი ჩავარდა და ამ ფორმით ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო
გურამ ნიკოლაშვილი - ქვეყნის გარეთ რაციონალურად ხვდებიან, რომ საქართველოში პროტესტი ჩავარდა და ამ ფორმით ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო

აშკარად ჩანს ქართულ პოლიტიკაში გარედან ჩარევის ნიშნები, მცდელობები და მტკიცებულებებიც, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველაზე უკანასკნელი ალბათ, აი, ქვებიც რომ ღაღადებენ, ასეთი ფაქტი იყო და საერთოდ ეპიცენტრში აღმოჩნდა ამერიკის საელჩო, რაც გააკეთა, როცა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილი პირადად პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, უბრალოდ, არ გამოაქვეყნა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ პრაქტიკულად სტენოგრამული ციტატა მოიტანა რაღაც ისეთ მყიფე კონტექსტში გაკეთებული პასუხის, რომელიც კონგრესში მარკო რუბიომ გააკეთა. ეს ეხება ე.წ. 22 მაისის ინციდენტს, რომელზეც იმისთვის, რომ ყურადღება გადაეფარა, თქვა, ეგ რა არის, რა დროს ეგ არის, როდესაც ჩვენ, აგერ, ვითხოვთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან და ჩვენ არ შეგვხვდნენ. ისინი თვალს ადევნებენ ძალიან მჭიდროდ იმას, თუ როგორ მიდის აქ მედია ე.წ. სიხშირე, დღის წესრიგი და ისინი, როგორც საწვავს უსხამენ, სალაპარაკოს აძლევენ ადგილობრივ იმ ოპოზიციას, რომელიც იმყოფება მათი გავლენის ქვეშ. სოციალურ ქსელში ეს ტემპერატურა და დინამიკა ძალიან კარგად იზომება და ის მყისიერად აისახა, უკანა პლანზე გადავიდა წერილი და წინ წამოვიდა ეს, როგორ, აი, არ ხვდებით? ამას მოჰყვა ახსნა-განმარტება და შემდეგ არაფერი არ შეიცვალა, მაგრამ შეიცვალა ათი დღის თავზე, როდესაც მოულოდნელად, რატომღაც, ახლა დადგა ეს კრიზისული მომენტი, როდესაც ამერიკის ელჩმა თქვა, მე უბრალოდ შევწყვიტე ეს კარიერაო და მისი არც გამგზავრება გვინახავს და სად იყო, ესეც არ გვინახავს“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, აქამდე, როდესაც ბოიკოტი გრძელდებოდა, ოპოზიციას გარედან მაქსიმალურად ეხმარებოდნენ.

„ეს იყო ერთგვარი წნეხი, საერთაშორისო წნეხის გამოწვევის მცდელობით. აი, ჯო უილსონი ყველაზე კარგი მაგალითია, რასაც ცდილობს, მარტო დგას, აბსოლუტურად ამოვარდნილი ყოველგვარი კონტექსტიდან და აკეთებს განცხადებებს, რომელიც არაფერში არ ჯდება, მაგრამ მისნაირი ოდიოზური ფიგურისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. ამერიკის საელჩოს ეს ეპიზოდი არის ერთგვარი წყალგამყოფი, სადაც მიხვდნენ, რომ ამან ეს რესურსი უბრალოდ ამოწურა. იმიტომ, რომ ხედავენ, აპრილში იყო ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში, ეს კონტექსტი მაშინ უკვე შეიცვალა და დაინახეს, რომ შეიცვლებოდა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. მათ დაასწრეს უბრალოდ ამ კრიზისით. უბრალოდ, ამათ რა ვალდებულებაც აქვთ აღებული, ისინი ვერ ასრულებენ და ბოლოს ეს ელჩიც კი წავიდა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის გარეთ რაციონალურად ხვდებიან, რომ პროტესტი ჩავარდა და ამ ფორმით ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.

„პირიქით, იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ თუკი საზოგადოების რაღაც ნაწილის კეთილგანწყობა არსებობდა, ისიც ნელ-ნელა გაიფლანგა. იმიტომ, რომ ეს ოდიოზური ფორმა, რაც დღეს არის საქართველოში, უბრალოდ მიუღებელია. მე იქ ვცხოვრობ და ყოველდღე ვუყურებ ამას, 50 კაცი როგორ კეტავს რუსთაველის გამზირს, მერე შეუერთდება სხვადასხვა ჩვენთვის ცნობილი მარში და მერე ვისმენთ ამ რაღაც საპროტესტო დაუჯდომელს, ამ შეძახებებს. ისინი მიხვდნენ, რომ ეს რეალურად მორჩა და ამიტომ მათ აქვთ სიგნალი, პირიქით, თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებშიო. გავლენის ქვეშ ვინც იმყოფება და ვინც აკოორდინირებს ამ მოცემულობას, ეს არის „ლელოს“ და გახარიას პარტია, ჩემი აზრით. „ნაცმოძრაობა“, ვისაც ჰყავს თავისი საბაზისო ამომრჩეველი, სექტანტური ერთგულებით ინარჩუნებს მათ და მისგან ამოზრდილი პარტიებისთვის, რომლებსაც გენეზისი ავთენტური აქვთ, უბრალოდ შეურაცხმყოფელია, არ შეუძლიათ ამხელა შემოტრიალება“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ხვალ გარედან რაღაც მოხდება და აქ ხელისუფლება შეიცვლება, ცდება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ სუვერენული პოლიტიკის გზა აირჩია და გარე ფაქტორებზე დამოკიდებული აღარ არის.

„ამის ყველაზე კარგი მეტაფორული სიმბოლო არის „დათა თუთაშხიაში“ არქიფო სეთურის მაგალითი, ხალხი რომ უზის, რა გეგმა უნდა ჰქონდეს, ხომ არაფერი გეგმა არ აქვს? უბრალოდ, ის ხალხი ელოდება და ზარის შემომკვრელი არის ის, რომელიც არასდროს არ შემოკრავს ამ ზარს. იმ უშველებენ წიგნში ხომ ათასი სიუჟეტია დახატული და ეს არის ერთი პატარა ეპიზოდი. აი, ასე გააგრძელებს ეს ხალხი ცხოვრებას, რაღაცის მოლოდინში, რომ ერთხელაც ჯო უილსონი ჩამოვა და იტყვის, რომ აქ ხელისუფლება შეცვლილია, რაც არ მოხდება“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.