გურამ ნიკოლაშვილი - ჩვენზე არაა დამოკიდებული, გავწევრიანდებით თუ არა ევროკავშირსა და ნატო-ში, კარი უნდა გაგვიღონ, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის და ღირებულებების ხარჯზე არ ხდება არსად შესვლა
ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ და ვხედავთ, რა სწრაფად ვითარდება მოვლენები. ნამდვილად ვცხოვრობთ პერიოდში, სადაც ძველი წესრიგი დანგრეულია, აღარ არსებობს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, გურამ ნიკოლაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„ეს წესრიგი დაინგრა 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ომი დაიწყო. მაშინ უკვე გასაგები იყო, რომ ძველი წესრიგი დამთავრდა, უბრალოდ, ალბათ 99%-ს ასე ვერ წარმოედგინა. მაშინ 1% აღმოჩნდა, ვინც თქვა, რომ ეს ასეა და მას შემდეგ ეს ციფრი განუხრელად იცვლება. ცივი ომის შემდგომი და, მე ვიტყოდი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგიც დამთავრებულია, მაგრამ ახალი არ დაბადებულა. თუ ახალი არ დაბადებულა და არ ვიცით, ხვალ-ზეგ რა მოხდება, შეიძლება, ახალი 9 აპრილი გვაჩუქოს ამ შემთხვევაში აშშ-მა, ისე დაემუქრა ირანს ირანული ცივილიზაციის გაქრობით, ეს კი მხოლოდ ატომური იარაღით კეთდება. მათ ეს ერთხელ იაპონიაში გაკეთებული აქვთ და ამიტომ ჩვენ არ ვიცით, რა გველის“, – აღნიშნა ნიკოლაშვილმა.
მისი თქმით, ჩანაწერი ნატო-სა და ევროკავშირზე – ეს არის ჩვენი კონსტიტუციის ბოლო, 78-ე მუხლი, გარდამავალი დებულება, სადაც წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა უზრუნველყოს ამ სტრუქტურებში გაწევრიანება.
„ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გავწევრიანდებით თუ არა, ის კარი უნდა გაგვიღონ და შიგნით უნდა შეგვიყვანონ. ეს ნამდვილად მათზეა დამოკიდებული. ჩვენ წინ დევს მაგალითი, ევროპის ფარად წოდებული უკრაინა, რომელსაც დაპირებული არიან და პირიქით, ამ დაპირებას უფრო და უფრო უმძაფრებენ, რომ ხვალ გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრიც. 78-ე მუხლის წინ არის კიდევ მთელი 77 ძირითადი მუხლი კონსტიტუციის, თავისი პრეამბულით, სადაც ჩამოყალიბებულია, სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაში და ამ 77 მუხლის ხარჯზე არ მოხდება იმის აღსრულება. ანუ, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას რომ წევს, პირველ რიგში, ამას იცავს და შემდეგ წევს იმ ძალისხმევას, რაც შეუძლია. ანუ, იგულისხმება, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ღირებულებების ხარჯზე არ ხდება არსად შესვლა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ესახება თუ არა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ უსაფრთხოების გარანტად, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ნატო დღემდე რჩება ორგანიზაციად, რომელსაც არავინ დასხმია თავს და მისი წევრობა ჯერჯერობით ნამდვილად არის ქოლგა.
„მეხუთე მუხლიც არავის არ გამოუცდია, ნატო-ს წევრ სახელმწიფოს არ დასხმიან თავს; ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთში კი ჰქონიათ ომი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის არ გაუტესტავს, მუშაობს თუ არა კოლექტიური თავდაცვა. ჩვენ თუ ვიქნებით ნატო-ს წევრი, როგორც დაგვპირდნენ, ცხადია, ვთვლით, რომ ეს უფრო მეტი დაცვის ქოლგა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ. ამ შემთხვევაში და რთულ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ, პირველ რიგში, არ არსებობს უსაფრთხოების სხვა ტიპის გარანტიები. ანუ, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხვალ რომ, მაგალითად, ესტონეთს რუსეთი თავს დაესხას, იმუშავებს თუ არა მეხუთე მუხლი და სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ ვხედავთ გარანტიას დღევანდელ მსოფლიოში, რაც ხდება, როცა ასე უმისამართოდ დაფრინავენ დრონები, როცა ასე ექცევიან პარტნიორებს; მაგალითად, ვხედავთ, როგორ მოექცა აშშ არაბულ სამყაროს, როცა ცალმხრივად დაიწყო კონფლიქტი ირანთან და მათი ეკონომიკები, პრაქტიკულად, ჩამოიშალა. ამიტომ გარანტია არ არის, გარანტია, პირველ რიგში, სიმყარეა ჩვენსავე თავში, ჩვენსავე სახელმწიფოში, ჩვენს ერთობაში და იმ პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენ სამეზობლოში ვატარებთ“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.