გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა
გურამ მოდბაძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს არ გაწვრთნის. მის მიერ დაკავებული პოსტიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია ძიუდოს კლუბ „შევარდენი 2005“-ის „ფეისბუქ“ (Facebook) გვერდის მეშვეობით გაავრცელა. მოდებაძე აღნიშნულ კლუბში 1995 წლიდან მუშაობს. პირველი არხი განცხადებას, რომლის ავტორადაც თავად გურამ მოდებაძეა მითითებული, უცვლელად გთავაზობთ.
„როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დანიშნული ვიქენ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა რომელიც ფედერაციაში შეიქმნა შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია. რა თქმა უნდა,
მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები როგორც რიგითმა მწვრთნელმა ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ“, – წერია განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ძიუდოს ფედერაციას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2018 წლის 17 დეკემბერს დაინიშნა.