ქართული ძიუდო - 2018
ქართული ძიუდო - 2018

2018 წელი ქართული ძიუდოსთვის მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა. წარმატებებთან ერთად, იყო იმედგაცრუებაც, უსიამოვნო ფაქტებიც და ხანგრძლივი დაძაბულობაც. შეიცვალა ფედერაციის პრეზიდენტი. დაფიქსირდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატების ანტირეკორდი, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა, თებერვალში გამართული პარიზის დიდი სლემი იყო. საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარებული წლის პირველი დიდი მუზარადი, ქართველებმა ოთხი მედლით დაასრულეს. ვერცხლის მედლები ლაშა შავდათუაშვილს და ბექა ღვინიაშვილს ერგოთ, ვარლამ ლიპარტელიანი და ნუგზარ ტატალაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

მალევე, კიდევ ერთ დიდ მუზარადს, დიუსელდორფმა უმასპინძლა, სადაც ვარლამ ლიპარტელიანმა ჩემპიონობა არავის დაუთმო. ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა დაისაკუთრა.

ჯერ კიდევ ირაკლი ცირეკიძის გუნდმა, ერთადერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ეკატერინბურგის გრანდ სლემი, სადაც ბრინჯაო ზებედა რეხვიაშვილმა დაისაკუთრა. ამის შემდეგ კი ნაკრებმა ძირითადი აქცენტი თბილისის გრან პრიზე გადაიტანა, რომელიც ტრადიციულად ტრიუმფით დაასრულა. ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი აიღო, რითაც არაოფიციალური გუნდური ჩათვლაც უპრობლემოდ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ექვსი ბრინჯაოს მედლიდან ერთ-ერთი, გოგონათა ნაკრების წევრმა, მარიამ ჭანტურიამ მოიპოვა.

ამის შემდეგ ნაკრები თელავივში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე გადაერთო, თუმცა შედეგი სავალალო გამოდგა. ისტორიაში პირველად, ქართველმა ძიუდოისტებმა, ევროპირველობა უმედლოდ დაასრულეს.

ამ კრახის შემდეგ ქართულ ძიუდოში მოვლენები სწრაფი ტემპით განვითარდა. ჯერ სრული შემადგენლობით ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გადადგა. შემდეგ კი ნაკრების წევრთა უმრავლესობამ ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ თანამდებობების დატოვება მოითხოვა. დროთა განმავლობაში პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა და სპორტსმენებმა მასშტაბური საპროტესტო აქციების ჯერ დაანონსება, შემდეგ კი გამართვა დაიწყეს. საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა, რიგგარეშე არჩევნები კი ბაქოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაინიშნა. 24 ოქტომბერს გამართულ აღმასკომის სხდომაზე, დელეგატებმა საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მომდევნო ორი წლით, ყოფილ ვიცე პრეზიდენტს – გიორგი ათაბეგაშვილს ჩააბარეს.

რამდენიმე თვიანი არასახარბიელო სიტუაციის შემდეგ, ძიუდოს გულშემატკივრებს, ხასიათი ბაქოს მსოფლიოს ჩჩემპიონატმა, უფრო კონკრეტულად კი გურამ თუშიშვილმა გამოუკეთა.

ქართველი მძიმეწონოსანი ფინალამდე ბრწყინვალედ მივიდა, იქ კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, უშანგი კოკაურთან მორიგი ეფექტური გდება შეასრულა და ინდივიდუალური შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ამ შედეგით გურამ თუშიშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე ძიუდოისტი გახდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

თუმცა ეს იყო ტურნირის ბოლო დღეს, მანამდე კი პირველივე დღეს კვარცხლბეკზე ამირან პაპინაშვილი ავიდა, რომელიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, კიდევ ერთი მედალი კაპიტნის ანგარიშზეა. ვარლამ ლიპარტელიანი ფინალამდე მივიდა, თუმცა საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა. ამ სამი მედლით საქართველოს ნაკრებმა, გუნდურ ჩათვლაში, მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, დიდი სლემის კიდევ ორი ტურნირი გაიმართა. საქართველოს ნაკრებისთვის ტრიუმფალური გამოდგა აბუ დაბის დიდი მუზარადის პირველი დღე, როდესაც სამივე წონაში დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ჰიმნის ფონზე  წარიმართა. ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ. ამ სამი ოქროს მედლით საქართველომ გუნდური ჩათვლაც მოიგო.

რადიკალურად გასხვავებული გამოდგა ოსაკას გრანდ სლემი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები უმედლოდ დარჩნენ.

სეზონი ტრადიცულად მასტერსის პრესტიჟული გათამაშებით დასრულდა, რომელზეც საქართვლოს ნაკრების წევრებმა 2 ოქროს ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტული ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაიცვეს. ვერცხლი ამირან პაპინაშვილს, ბრინჯაოს მედლები კი ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ერგოთ.

2018 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი წარმატებები იყო სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირებზეც, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ბუენოს აირესში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზეც.

ქართულ ძიუდოში წლის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ეს პოსტი გურამ მოდებაძემ ჩაიბარა.