გურამ მაჭარაშვილი – ვინმეს მშვიდობიანი დამხობის მცდელობა თუ ექნება, მშვიდობიანად დაკავდება
ვინმეს მშვიდობიანი დამხობის მცდელობა თუ ექნება, მშვიდობიანად დაკავდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში დამარცხდებიან და ამიტომ ძალადობრივი აქციებისთვის ემზადებიან.
მაჭარაშვილი აქვე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე ერთი პირის დაკავების ფაქტს, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, აქციის დროს აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
„არასწორი ტერმინი გამოიგონეს – მშვიდობიანი დამხობა. დამხობა თუა, მაშინ მშვიდობა არ არსებობს; თუ მშვიდობიანი აქციაა, იქ დამხობა არ არის. ვინმეს მშვიდობიანი დამხობის მცდელობა თუ ექნება, მშვიდობიანად დაკავდება. ამ ხალხმა იცის, რომ არჩევნებში წააგებენ და ამიტომ ძალადობრივი აქციებისთვის ემზადებიან. აქციაზე მიდიან და ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ, რა შეიძლება იყოს მიზანი? ხაბეიშვილს ჰკითხეთ, მშვიდობიან დამხობას დაამატოს – მშვიდობიანი დამხობა იარაღით. აქციის მონაწილეს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.